
ამ პოსტში შემოგთავაზებთ ფოტოებს, რომლებმაც ბევრი რამ შეცვალეს ფოტოგრაფიაში, უფრო მეტად კი – ისტორიაში.
ეს ყველამ უნდა ნახოს…
ფოტო, რომელმაც უკვდავყო ელ-ჩე… “The Corpse of Che Guevara” Freddy Alborta, 1967
სოციოპათი ჩხუბისთავი? სოციალიზმის მნათობი? თუ როგორც სარტრი იტყოდა, ყველაზე სრულყოფილი ადამიანი ჩვენს ერაში? რაც გინდათ ის დაარქვით, იმას კი ვერ უარყოფთ, რომ ჩე ყველა რევოლუციონერის კერპია და ზოგადად, ნებისმიერი რევოლუციის სიმბოლოც. აქვე, არც იმის უგულებელყოფა შეიძლება, რომ ჩე კერპად უფრო მისმა სიკვდილმა აქცია, ვიდრე სიცოცხლემ.
ჩე 1967 წელს შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა ბოლივიის არმიამ (ყოველი ჯარისკაცი გაწვრთნილი იყო ამერიკის სამხედრო ძალებისა და CIA-ს მიერ). ეს სავსებით ლოგიკურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლება სულაც არ იყო აღფრთოვანებული ჩეს ,,ჰობით”, წამოეწყო რევოლუცია სადაც და როგორც კი შეძლებდა. სანამ მის სხეულს საიდუმლო საფლავს მიაბარებდნენ, ჩეზე გამარჯვებულებს უნდა დაემტკიცებინათ მსოფლიოსათვის, რომ ამხანაგი გევარა მოკვდა. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ჩეს სიკვდილი ამბოხსაც დაუსვამდა წერტილს.
თუმცა ფოტომ, რომელსაც ყოველგვარი აღტკინება უნდა ჩაეკლა, ლეგენდის დაბადებას შეუწყო ხელი. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოზე ჩეს გვერდით მისი მკვლელები იწონებენ თავს, ერთ-ერთი მათგანი კი სავარაუდოდ ჭრილობაზე მიუთითებს, ხალხმა სხვა რამეს მიაქცია ყურადღება, კერძოდ კი ჩეს სახის გამომეტყველებას, რომელზეც მათ მოწყალება ამოიკითხეს. ასე რომ, ფოტომ ჩე კი არ მოკლა, დასაბამი მისცა ახალ სლოგანს ,,ჩე ცოცხალია” და გევარას მიანიჭა უკვდავება, როგორც სოციალისტური იდეებისათვის წამებულს.
- კოცნა, რომელიც არც იმდენად რომანტიკულია, როგორიც გვგონია…
1945 წლის 14 აგვისტოს მთელს ამერიკაში გავრცელდა ინფორმაცია იაპონიის კაპიტულაციის შესახებ, რაც მეორე მსოფლიო ომის დასასრულს მოასწავებდა. გამარჯვების ყიჟინა ქუჩებს მოედო და ალბათ, სამხედრო უნიფორმიანებზე გახარებული იმ დროს არავინ იყო. ისინი ახალი დაბრუნებულნი იყვნენ ევროპიდან და სულ ეშინოდათ, რომ ისევ მოუწევდათ ბრძოლაში ჩაბმა.
ტაიმ-სკვერში შეკრებილ მოზეიმე ხალხს შორის იყო ერთი ფოტოგრაფიც (უფრო სწორად კი, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფოტოგრაფი), ემიგრანტი გერმანიიდან_ Alfred Eisenstaedt. გახარებული სახეების აღბეჭდვისას მან შეამჩნია მეზღვაური, რომელიც გარბოდა ქუჩებში და ყოველ შემხვედრ გოგოს ეხუტებოდა (და არა მხოლოდ ეხუტებოდა). შემდგომში ფოტოზე აღბეჭდილმა მეზღვაურმა თქვა, მოხუცი, დანაოჭებული ქალი რომ შემხვედროდა, იმასაც ასე ,,დავზასავდიო”.
რა თქმა უნდა, მოხუცი ქალისა და მეზღვაურის კოცნა ვერ გახდებოდა საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ფოტო, მაგრამ მეზღვაური, მომხიბვლელ მედდასთან ასეთ რომანტიკულ პოზაში.. _ გულჩვილ ამერიკელებს ასეთ რამეებზე სულ ეტირებათ. მათ, ვისაც .ოჰ..” აღმოხდათ ამ ფოტოს ნახვისას, ნამდვილად არ იცოდნენ, რომ ეს კოცნა არ იყო გულწრფელად შეყვარებულების კოცნა. თუმცა ამას ბევრი არაფერი შეუცვლია. ფოტო მაინც გახდა ხანგრძლივი ომის დასასრულის სიბოლო ამერიკისათვის.
ფოტო, რომელმაც შეცვალა ინდუსტრია.. “Hindenburg” Murray Becker, 1937
ზეპელინებზე თუ მხოლოდ მოტკეცილ შარვალში გამოწყობილი ქერა და ქარიზმატული პლანტი არ გახსენდებათ, მაშინ გეტყვით, რომ სწორედ ამ ფოტოს გამო შეწყვიტა ზეპელინმა, როგორც საჰაერო ხომალდმა, არსებობა. ამერიკაში დღესაც ბევრი მიიჩნევს, რომ ჰინდენბურგის აფეთქება (6 მაისი, 1937) უფრო დიდი კატასტროფა იყო, ვიდრე ,,ტიტანიკის” ჩაძირვა ან კიდევ ჩერნობილის დიდი ბენგი. რატომ? იმიტომ, რომ ისინი არავის გადაუღია. თუ ფაქტებს დავუჯერებთ, სწორედ ფოტოები აქცევენ კატასტროფას კატასტროფად და არა დაღუპულთა რიცხვი.
სინამდვილეში ჰინდენბურგის კატასტროფა ძალიან დიდიც არ ყოფილა. მხოლოდ ლოკალური კატასტროფუნა იყო (ახლა მახსენდება ჩემი შოკი, როცა გავიგე, რამდენი ადამიანი დაიღუპა 9 აპრილს და მეცოტავა). 92 მგზავრიდან 62 გადარჩა. ამ ფოტოს ძლევამოსილებას ხაზი რომ გავუსვა, იმასაც გეტყვით, რომ ეს ზეპელინების ისტორიაშიც კი არ იყო ყველაზე დიდი უბედური შემთხვევა. 4 წლით ადრე ატლატიდის ოკეანეში ზეპელინის ჩამოვარდნის შედეგად ორჯერ მეტი ადამიანი დაიღუპა. მაგრამ ჰინდენბურგი ის შემთხვევაა, როცა ფოტოს დანახვისას აღმომხდარმა შეძახილმა ,,ღმერთო ჩემო!” დაღუპულთა რიცხვი გადაფარა.
ამ ფოტომ წერტილი დაუსვა გერმანიაში წარმოებულ პიარ-კამპანიას, რომლის მიხედვითაც სწორედ ეს მოდელი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი იყო საჰაერო ტრანსპორტთა შორის. ამ ფოტომ ხალხს რწმენა შეურყია ზეპელინის მიმართ. მთელი 30 წლის განმავლობაში ზეპელინები რეგულარულად დაფრინავდნენ ამერიკასა და გერმანიას შორის. ამ ფოტომ კი ყველაფერი შეცვალა. ამის შემდეგ დირიჟაბლები (არა მხოლოდ ეს სახე) საერთოდ აღარ გამოუყენებიათ მგზავრების რეგულარულად გადასაყვანად. ჰინდერნბურგის ისტორია სწორედ ასე, დიდი ,,bang!”-ით დასრულდა, ხოლო ზოგადად, ზეპელინებისა_ ერთი ,,ჩხაკ!”-ით.



